araformaluri ganaTleba
არაფორმალური განათლება - ტერმინი, რომელიც გამოიყენება ფორმალური, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა არსებული განათლებისათვის, რომლის ამოცანაც უმეტესად ბავშვებისა და მოზარდების, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზრდასრული ადამიანების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის სხვადასხვა საჭირო უნარისა და კომპეტენციის მიწოდება, ბუნებრივ გარემოში ინდივიდის პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოებაა.
არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია (მაგალითად კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითად აზროვნების უნარები და სხვა). აღნიშნული უნარები ხელს უწყობს ადამიანის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას და მის რეალიზაციას. არასრულწლოვანთა არაფორმალური განათლება აფასებს არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნას და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და უნარებს ავითარებს. საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში არაფორმალური განათლება ხელს უწყობს ფორმალურ სასწავლო დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა, პროფ. სასწავლებელი) შედეგების გაუმჯობესებასაც, ავითარებს რა ისეთ უნარებს, რაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისათვის მნიშვნელოვანია და მოსწრებას ეხმარება. საკომუნიკაციო უნარები, შიდა მოტივატორების აღმოჩენა და მოტივაციის გაუმჯობესება, სხარტი აზროვნება, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა და ბევრი სხვა მსგავსი უნარი წარმოადგენს დამხმარე საშუალებებს ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრაციისათვის. გარდა ამისა, არაფორმალური განათლების ამოცანაა ინდივიდისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, რისი მიწოდებაც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ვერ ხერხდება, ან ვერ ხორციელდება იმ მოცულობით, რაც ინდივიდს წაადგებოდა.
იუნესკოს განმარტებით არაფორმალური განათლება არის „განათლება, რომელიც ინსტიტუციონალიზებულია, აქვს ამოცანები და განათლების მიმწოდებლის მიერ შემუშავებული გეგმა. არაფორმალური განათლების დამახასიათებელი თვისებაა, რომ მას აქვს დამატებითი, ალტერნატიული და შემავსებელი ფუნქცია ფორმალური განათლებისთვის, ინდივიდის მუდმივი განათლების გზაზე. ის ხშირად იღებს საკუთარ თავზე განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფუნქციას. არაფორმალური განათლება ყველა ასაკის ადამიანისთვისაა, თუმცა ის შეიძლება არ იყოს სტრუქტურირებული. შესაძლოა არაფორმალური განათლება იყოს ნაკლებად ინტენსიური ან ხანმოკლე, და როგორც წესი, იგი მოკლევადიანი კურსების, სემინარების ან ვორქშოპების ხასიათს ატარებს. არაფორმალური განათლება უმეტესად იძლევა ისეთ კვალიფიკაციას, რომელიც არ არის აღიარებული, როგორც ფორმალური კვალიფიკაცია, ეროვნული საგანმანათლებლო სისტემების მიერ. არაფორმალური განათლება შესაძლოა მოიცავდეს პროგრამებს ცხოვრებისეული უნარების, სამუშაო უნარების, სოციალური და კულტურული განვითარების მიმართულებით“.
არაფორმალური განათლება ფართოდაა გავრცელებული თითქმის ყველა ქვეყანაში და შესაბამისი დაწესებულებები განკუთვნილია როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულ ადამიანებისთვისაც. არსებობს დაწესებულებები, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდებზე მუშაობს და აგრეთვე პირიქითაც.