logika
ლოგიკა ეს მეცნიერებაა, რომელიც გვასწავლის ისეთ აზროვნებას, რომლის შედეგიც ჭეშმარიტების მიღწევა უნდა იყოს. იგულისხმება, რომ ადამიანის შემეცნების უნარი ჭეშმარიტების დადგენისკენაა მიმართული, სწორედ ეს აძლევს ბიძგს სამყაროს ინტერპრეტირების სურვილს. ხოლო ლოგიკა ესაა წესების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება ჭეშმარიტების ყველაზე სწრაფად და ეფექტურად დადგენაში. სწორედ ამიტომაა ლოგიკა ძალზე ახლოს ფილოსოფიასთან. ჩვენ გვიწევს ვიაზროვნოთ სწორად, რათა შევძლოთ სწორი დასკვნების გაკეთება ბუნდოვანი ფაქტების შესახებ თვალსაჩინო ფაქტებზე დაყრდნობით. სწორედ ამას აკეთებს ლოგიკა.
სიტყვა ლოგიკა ძველი ბერძნულიდან იღებს სათავეს და მომდინარეობს სიტყვა „ლოგოსიდან“, რაც როგორც სიტყვას, ასევე გონს ნიშნავს. ლოგიკა იკვლევს აზროვნების წესებსა და კანონებს, რომელიც გვეხმარება ჭსშმარიტების დადგენაში, კერძოდ კი ისეთ პირობებს, რომლის შემთხვევაშიც აზრი შეიძლება ჩაითვალოს სწორად. ლოგიკის დანიშნულებაა ნებისმიერი ბუნდოვანი მოცემულობა მტკიცებულებების წყალობით დაიყვანოს ყველასათვის ცხად ფაქტებამდე. ამიტომაც ლოგიკის ინსტრუმენტები არგუმენტებია, რომელიც ფაქტებს ეყრდნობა.
ლოგიკა, როგორც მეცნიერება, სწავლობს არგუმენტების სტრუქტურასა და ფორმირებას, ხოლო რეალურ ცხოვრებაში მას სწორ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. „სწორი“ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში გულისხმობს ფაქტებზე დაფუძნებულ, არგუმენტებით გამყარებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რაციონალურია და ემორჩილება კეთილგონიერების კანონებს.
ლოგიკა ზუსტი მეცნიერებების მთავარი იარაღია. სწორედ მისი წყალობით ახდენენ მეცნიერები ღირებული იდეების გადარჩევას და შემდგომ სწორი დასკვნების გაკეთებას. ლოგიკას შეუძლია რთული იდეები დაშალოს მარტივ იდეებად და გაარჩიოს გენიალური იდეა ბოდვისაგან.
დღევანდელ ციფრულ საუკუნეში, სადაც სანდო და ფალსიფიცირებული ინფორმაცია ერთნაირი მოცულობით მოედინება უწყვეტ ნაკადად, ლოგიკური აზროვნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „ლეტერატოს“ ამოცანაა მომავალ თაობას სწორი აზროვნების წესები შეასწავლოს, რაც მათ ჭეშმარიტების სწრაფად დადგენაში დაეხმარება და ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს.
აღნიშნული უნარები ასევე საკვანძოა სწრაფადცვალებადი და ძალზე დინამიური რეალობის გათვალისწინებით, სადაც სწორი დასკვნის გაკეთება დროულად ნებისმიერ სფეროში განსაკუთრებულად აქტუალურია. მოზარდები სწავლობენ ლოგიკის საფუძვლებს, არგუმენტების ტიპებს, არგუმენტების აგებას, სხვადასხვა სახალისო დავალების წყალობით ეუფლებიან ვალიდური და მყარი არგუმენტების გარჩევას არასწორი და სუსტი არგუმენტებისგან, სწორი და მცდარი დასკვნების ანალიზს, ალბათობის თეორიის ელემენტებს და ლოგიკის ბევრ სხვა საინტერესო ასპექტს. შედეგად, მათი აზროვნების ტიპი ლოგიკის კანონებით ყალიბდება, თუმცა სხვა მოდულების წყალობით ისინი სწავლობენ გადაწყვეტილებებზე მოქმედი სხვა ფაქტორების მნიშვნელობასაც, რომელიც გულისხმობს ეთიკას, გრძნობებსა და ემოციებს, ფსიქოლოგიას. ლოგიკა მოსწავლეებს ეხმარება, ბრმად არ მიიღონ ნებისმიერი განაცხადი და შესაბამისად, შეძლონ თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.