საკვირაო სკოლა - არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულების ჩვენში გავრცელებული სასაუბრო ტერმინი. ასეთი დაწესებულების დანიშნულებაა ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის სხვადასხვა საჭირო უნარისა და კომპეტენციის მიწოდება და/ან მათი პოტენციალის გახსნა. საკვირაო სკოლად ხშირად მოიხსენიებენ ლიტერატურულ, მათემატიკურ, ხატვისა და სხვა ტიპის წრეებს, აგრეთვე ისეთ დაწესებულებებს, სადაც ხდება ბავშვებისა და მოზარდების შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენა და გახსნა. ამასთან, საკვირაო სკოლები ეხმარება მოსწავლეებს დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიწოდებაში მათი ინტერესების შესაბამისად. ასეთი დაწესებულებების ამოცანაა ხელი შეუწყოს ბავშვისა და მოზარდის ინტერესების გაღვივებას, ამ ინტერესების გარშემო ერუდიციის ზრდას, ცოდნის მიწოდებას, ბავშვის ნიჭიერების ხელშეწყობას და მის განვითარებას.
ამასთან, როგორც წესი, საკვირაო სკოლები იძლევიან არა მხოლოდ განათლებას, არამედ ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია (მაგალითად კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითად აზროვნების უნარები და სხვა). ასეთი დაწესებულება აფასებს არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნას და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და უნარებს ავითარებს. ეს უნარები მნიშვნელოვანია მოზარდების მოსამზადებლად ზრდასრული ცხოვრებისთვის, მათი სამომავლო ინტეგრაციისა და რეალიზაციისთვის საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე. ასეთი ტიპის არაფორმალური განათლება პოპულარულია უფროსებშიც, რასაც ხშირად ადამიანის ხანგრძლივ განათლებას, მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლას (life long learning) უწოდებენ.
ტერმინი „საკვირაო სკოლა“ დასავლეთში “სამრევლო სკოლას“ ნიშნავს და ეკლესიებთან არსებულ საგანმანათლებლო საქმიანობას უკავშირდება. ბევრ ტაძარს ჰქონდა და დღესაც აქვს საკლასო ოთახები, სადაც უმეტესად ბავშვებს, ხანდახან კი უფროსებსაც წირვის შემდგომ ღვთისმეტყველებას ასწავლიან. ასეთი საკვირაო სკოლები განსაკუთრებით გავრცელებული პროტესტანტულ ეკლესიაში გახლდათ. გასულ საუკუნეებში ხშირ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც გარკვეული წრის ადამიანს შეეძლო წერა-კითხვა ესწავლა და განათლებაც მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ კულტურაში განათლება ეკლესია-მონასტრებში ოდითგანვე მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, პირველი ნამდვილი საკვირაო სკოლა XVIII საუკუნეში ინგლისში გაიხსნა. სკოლის გახსნის მიზანი პენიტენციალური რეფორმა იყო - კერძოდ, ამ საკითხით დაინტერესებულმა ცნობილმა ფილანტროპმა, ჟურნალისტმა და გამომცემელმა რობერტ რაიკსმა ჩათვალა, რომ თუკი კვირაობით ფაბრიკებში მომუშავე ბავშვებს საბაზისო და რელიგიური სწავლებით დააკავებდნენ, ისინი კრიმინალს აღარ ჩაიდენდნენ.
ჩვენში ტერმინი „საკვირაო სკოლა“ ფართოდ გამოიყენება სკოლის შემდგომი აქტივობების დასახასიათებლად და სასაუბრო ლექსიკაში ხშირად გულისხმობს ზოგადად არაფორმალურ განათლებას სხვადასხვა სპეციალიზაციით, როგორიცაა დრამატურგიის, ხელოვნებისა თუ სხვა ტიპის დაწესებულებები, წრეებს, სადაც ბავშვები და მოზარდები დამატებით ცოდნასა და უნარებს იღებენ.